English / ქართული / русский /
ლია ბიბილაშვილი
ჰიდროენერგეტიკის განვითარების ეკოლოგიური საკითხები

ანოტაცია: სტატიაში განხილულია საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარების აუცილებლობა და მისი თანმდევი ეკოლოგიური პრობლემები. საზოგადოების ინტერესები და ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების ეკოლოგიური საკითხები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. საზოგადოებას აინტერესებს, როგორ და რა გზებით მოხდება მათი ენეგეტიკული უზრუნველყოფა. საქართველო თავის მოთხოვნილებას საკუთარი ენერგორესურსებით იკმაყოფილებს მხოლოდ 34,5%-ით. საკუთარი წარმოების ენერგორესურსების ფორმირებაში წამყვანია ჰიდროენერგეტიკული რესურსი. გარემოს დაცვის პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების დროს.

საკვანძო სიტყვები: ჰიდროენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კიოტოს პროტოკოლი.

შესავალი 

ეკონომიკაში ჰიდროენერგორესურსების გამოყენების საჭიროება ობიექტური აუცილებლობითაა განპირობებული. ახლა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დეფიციტს განიცდის. თუ კაცობრიობა მომავალშიც შეეცდება ამ ენერგოდეფიციტის შევსებას მხოლოდ არსებული ტრადიციული ენერგორესურსების წარმოების გაზრდით, ეს არათუ მიუღწეველი იქნება, არამედ მკვეთრად გაამწვავებს ეკოლოგიურ ვითარებასაც. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის დარგები ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე უფრო მეტად აჭუჭყიანებს გარემოს. ბუნება ბინძურდება ენერგორესურსების არამარტო მოპოვების, წარმოების და მოხმარების დროს, არამედ ასევე ირღვევა გარემოს სითბური წონასწორობაც.

. . .

ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების დროს, განსაკუთრებით მწვავედ დგას გარემოს დაცვითი პრობლემები. ცნობილია, რომ მიწის მნიშვნელოვანი ფართობი სჭირდება ენერგეტიკის, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკის განვითარებას. ეს საკითხი, პირველ რიგში, აქტუალურია მცირემიწიანი რაიონებისთვის, მათ შორის საქართველოსათვის. ამჟამად, ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე მოდის 1,43 ჰა მიწის საერთო ფართობი; 0.64 ჰა-სასოფლო-სამეურნეო სავარგული და 0.15 ჰა-სახნავი. ეს კი ძალიან მცირეა და შესაბამისად ყოფილი სსრ კავშირის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 17.1% და 17.7%-ს შეადგენს.

მიწას კი, ბუნებრივ რესურსებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი წარმოადგენს შრომის უმრავლეს საგანთა შექმნის წყაროს. სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მიწა არა მარტო საგანი, არამედ შრომის მთავარი საშუალებაა. დედამიწას, ბიოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს თანამედროვე მდგომარეობამდე მოსაყვანად, ათასწლეულები დასჭირდა. მათი დაბინძურებით კი უვარგისი ხდება ათასობით ჰექტარი მიწა. აკად. ს. სობოლევის მტკიცებით, ნიადაგის 2,5 სმ სისქის დარღვეული ზედა ნაყოფიერი შრის აღსადგენად, საჭიროა 300-დან 1000 წლამდე. დაახლოებით ამავე აზრის იყო აკად. ნ. კეცხოველი, მას მიაჩნდა, რომ ნიადაგის ყოველი სანტიმეტრის აღსადგენად საჭიროა 100 წელი მაინც.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სამრეწველო საწარმოებით განვითარებულ ქვეყნებში, ჰიდროენერგეტიკის განვითარების გამო, საგრძნობლად მცირდება მიწის ფონდები. ეს მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნილება უფრო და უფრო იზრდება. გეოგრაფ. ი. ზაბელინის გაანგარიშებით, ჯერ კიდევ 1963 წელს დედამიწაზე სრულიად უვარგისი გახდა 50 მილიონი ჰექტარი მიწა, ამჟმად კი, ყოველწლიურად სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან გამოდის ათასობით ჰექტარი მიწა.

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით კი, მიწის დიდი ფართობი იფარება წყლით და უვარგისი ხდება სასოფლო-სამეურნეო სარგებლობისთვის.ზოგიერთ მათგანზე კი, განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, შეიძლებოდა ძვირფასი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება, მათ შორის ისეთებისა, რომელთა მოყვანა (ჩაის, ციტრუსების, იშვიათი ჯიშის ყურძენი) სხვაგან არ შეიძლება. ახლა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავებს უჭირავს დაახლოებით 8800 ჰა, მათ შორის 6200 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, ხოლო 1800 ჰა-ტყე.

საქართველოს პირობებში, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების დროს უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი გარემოება. ჩვენს მდინარეებს, რომლებიც შავ ზღვაში ჩაედინებიან, თან ჩააქვთ უამრავი ქვა, ღორღი, სილა და ამით წონასწორობას ამყარებენ ზღვისა და მდინარეთა ურთიერთობაში. მაგრამ, როცა მდინარე წყალსაცავში მოხვდება, ეს წონასწორობა ირღვევა. მდინარეებს ვეღარ ჩააქვთ ზღვაში მყარი ჩამონადენი და ზღვა ნელ-ნელა რეცხავს ნაპირს, თანდათანობით მიაქვს ხმელეთი.

მავნე გავლენა, განსაკუთრებით დიდია მსხვილი ჰესების მშენებლობის დროს. მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებს, გარდა იმისა, რომ სჭირდებათ მიწის მნიშვნელოვანი ფართობი, მათ სხვა მხრივაც, მავნე გავლენა აქვთ გარემოზე. ექსპერტთა შეფასებით, ისინი არღვევენ კლიმატურ-ეკოლოგიურ წონასწორობას. წარმოშობენ მიწისძვრისა და ზვავების ჩამოწოლის საშიშროებას. ეს კი პირდაპირ უკავშირდება დიდი წყალსატევებიდან მომატებულ აორთქლებასა და სხვა უარყოფით შედეგებს. სწორედ პასიური ეკოლოგიური პოლიტიკის გატარების გამო, აღნიშნული მოთხოვნები სრულიად არ იყო გათვალისწინებული საქართველოში მიმდინარე ჰიდრომშენებლობაში. ამის საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რომ მხოლოდ ფართო საზოგადოების აქტიური ჩარევის შემდეგ, 1989 წელს შეწყდა მდ. ენგურზე ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მაშინ, როცა მშენებლობის დაწყებიდან უკვე გასული იყო 10 წელზე მეტი და დახარჯული იყო მშენებლობის საერთო ღირებულების დაახლოებით ნახევარი - 150 მლნ მანეთი.

ჰესების, განსაკუთრებით კი მსხვილი ჰესების მშენებლობის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, როგორც ბოლო პერიოდის მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, საქართველოში ჰესების მშენებლობის დროს აშკარად არ იყო დაცული მთელი რიგი აუცილებელი მოთხოვნები. ცნობილია, რომ ენგურჰესის მშენებლობა გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე დაამთავრებდნენ პროექტს. ნაჩქარევად დაიწყო ჰუდონჰესის მშენებლობა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე. ამის გამო შეწყდა კიდეც ხუდონჰესის მშენებლობა, გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა ნამოხვარჰესის მშენებლობის საკითხიც. დღესდღეობით დიდი დაპირისპირებაა საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის, ნამოხვანჰესის აშენების წინააღმდეგ. სადაც, როგორც ჩანს ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რომელიც იწვევს პროტესტს მოსახლეობაში. აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობა და საჯაროობა იყოს, რათა მოსახლეობა გაერკვეს, თუ რა ხელშეკრულებაა დადებული სინამდვილეში. მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი, ამ პროექტთან დაკავშირებით, რადგან შემდგომში არ იყოს კიდევ რაიმე გართულება.

გამოკვლევებით ირკვევა, რომ ჰიდროელექტროსადგურების პროექტის ხარისხის გაუმჯობესებისა და სათანადო ხარჯების გაღების საფუძველზე საერთოდ არ შეიძლება მინიმუმამდე შევამციროთ ჰესების მშენებლობითა და ექსპლუატაციით მიღებული ზარალიც.

ცხადია, მცირე მდინარეთა ენერგეტიკული შესაძლებლობებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების საუკეთესო პოტენციალის გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისათვის. სამეურნეო სარგებლობაში მათი მონაწილეობა მეტად წონადი წვლილი ექნება სათბობსა და ენერგიაზე ქვეყნის მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საქმეში.

საქართველოში კარგი პირობებია არატრადიციული ენერგეტიკის განვითარებისთვის. ამ შემთხვევაში გარემოზე მავნე გავლენა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული ენერგეტიკის განვითარების დროს. ჩვენ საზოგადოებაში მიღებულია, რომ ენერგიის არატრადიციული სახეების წარმოება და მოხმარება პრაქტიკულად არ აზიანებს გარემოს. მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავწვდებით, ცნობილია, რომ თერმული წყლების ძებნა-ძიებისა და მოპოვებისას საჭიროა ჭაბურღილები, რომლის დროსაც დიდად ზიანდება ნიადაგი. სამუშაოთა დასრულების შემდეგ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, საჭიროა სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება. გარემო ბინძურდება თერმული წყლის უმიზნო დაღვრის დროსაც, პრობლემებია ასეთი წყლების გამოყენებისას.

ანალოგიურ მოვლენებს შეიძლება შევხვდეთ  მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების დროსაც. მაგ., გარკვეული ფაქტორი სჭირდება მზის კოლექტორებს, ამასთან, არსებობს ხმაურის ფაქტორი ქარის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის დროს და ა.შ..

კიოტოს ოქმით (საქართველოში რატიფიცირებულია 1999 წლის ივლისში), გათვალისწინებული კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის განხორციელების რამდენიმე ფინანსური მექანიზმიდან, საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, უფლება აქვს ისარგებლოს: „სუფთა განვითარების მექანიზმით“ (CDM). „სუფთა განვითარების მექანიზმი“ საქართველოს საშუალებას მისცემს ჩამოაყალიბოს ენერგოეფექტიანობის ამაღლებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების მზარდი ტემპით ათვისებაზე დამყარებული ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი, მდგრადი სტრატეგია.

„სუფთა განვითარების მექანიზმის“ გამოყენებით საქართველო იღებს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ნახშირორჟანგის (და სხვა თბური გაზების) ემისიების შემცირებით (სეკვესტრირებით), კიოტოს პროტოკოლის ეგიდით განვითარებულ ქვეყნებთან კოოპერირების გზითა და საბაზო მექანიზმებზე დაყრდნობით, განახორციელოს ქვეყნის ენერგოკომპლექსის რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია; ეკონომიკისა და მუნიციპალური მეურნეობის ყველა სფეროში ენერგოეფექტიანობისა და ენერგოდაზოგვის ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარებით გადაწყვიტოს ეკონომიკური და გარემოს დაცვითი პრობლემები. 

დასკვნა 

მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს. ჩვენი მდინარეები დიდი ეროვნული სიმდიდრეა და მისი გამოუყენებლობა ყოვლად გაუმართლებელია. მსოფლიოს ყველა ცივილიზებული და განვითარებული ქვეყანა წარმატებით იყენებს ამ ენერგიას საკითხის კომპეტენტური გადაწყვეტისათვის ენერგეტიკულ-ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნათა გათვალისწინებით. თითოეული ახლად აშენებული ობიექტისთვის უნდა განისაზღვროს ოპტიმალური პარამეტრები. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ადგილობრივი პირობების, ჩვენი ისტორიული წარსულისა და ეროვნული ტრადიციების თავისებურებანი. სათქმელს თუ მოკლედ ჩამოგიყალიბებთ, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებამ მინიმალური ზიანის პირობებში მაქსიმალური ეფექტი მიიღოს.

ჯერ-ჯერობით ჰიდრორესურსები საქართველოს მთავარი ენერგეტიკული სიმდიდრეა და ამ მიმართულებით აუცილებელია ეკოლოგიურ მოთხოვნათა სრულმასშტაბიანი გათვალისწინება. კერძოდ, საჭიროა:

- გაგრძელდეს ადგილობრივი ჰიდროენერგორესურსების ეკოლოგიურად და ეკონომიკურად ეფექტური ათვისება;

- კომპლექსური ჰიდროკვანძების მშენებლობა, რაც შესაძლებელს გახდის მდინარის ჩამონადენის დარეგულირებას და წყლის რესურსების გამოყენებას ირიგაციის, წყალმომარაგებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის;

- ისეთი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება შავი ზღვის სანაპირო ზოლის აღდგენა და დაცვა, მდინარეებიდან მყარი ნატანის შემცირების გამო. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ჩომახიძე დ., - საქართველოს ენერგეტიკა: ეკონომიკა, რეგულირება, ტერმინოლოგია. სტატისტიკა, თბილისი, ,,ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2014.
  2. გველესიანი თ., ჩომახიძე დ., - საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება (საინჟინრო ჰიდროეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები) თბ., 2011.
  3. ,,საქსტატის“ სტატკრებულები, 2018.
  4. ჩომახიძე დ., ნარმანია დ., ეკოლოგიური გამოწვევები საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში, გლობალიზაცია და ბიზნესი, 2018.
  5. ქოჩლაძე მ., საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორის გამოწვევები.
  6. D. Chomakhidze, D. Narmania,  - Synthetic Management of Energy and Ecology in Georgia, International Journal of Investment Management and Financial Innovations, 2018.